ზელენსკი ლიეტუვის შემდეგ ესტონეთსა და ლატვიას ეწვევა
10/01/2024 11:09:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის შემდეგ ესტონეთსა და ლატვიას ეწვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეს სამი რესპუბლიკა, რომლებიც დღეს ნატო–ს და ევროკავშირის წევრები არიან, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირეებად რჩებიან.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ვილნიუსში ჩასულმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკრაინის საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან.
მისი თქმით, , ბალტიის ქვეყნებში ვიზიტისას განიხილავს უსაფრთხოების, ევროპის შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაციისა და ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხებს.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხის გადაწყვეტა. რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს კონგრესისგან თანხმობის მიღებას უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზებისთვის.


