ბლინკენმა ახლო აღმოსაველთის ტურნე გაახანგრძლივა
10/01/2024 10:59:23 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსაველთის ტურნე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მისი ცნობით, ამერიკელი დიპლომატი ბაჰრეინშიც ჩავა.
ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო. თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვია. აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს იორდანიაში ვიზიტის დროს მოუწოდეს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში.
ბლინკენის თქმით, აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდეს.
მას ტურნე ეგვიპტეში ვიზიტით უნდა დაესრულებინა.
ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.


