Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტის მიერ 2015 წელს შეწყალებული შს ექს–მინისტრი და მისი მოადგილე, იგივე საქმეზე ხელმეორედ ცნეს დამნაშავედ და დააკავეს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ 2015 წელს შეწყალებული შს ექს–მინისტრი და მისი მოადგილე, იგივე საქმეზე ხელმეორედ ცნეს დამნაშავედ და დააკავეს

10/01/2024 08:11:03 მსოფლიო

პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს მათი ორი ყოფილი ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა ექს–მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ორივე პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეა.

2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა.

იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს დილით მიიწვია. ღამით სასამართლოს ორდერის საფუძველზე პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააპატიმრეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალსტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში, ისინი პოლიტპატიმრები იქნებიან.

პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაპატიმრებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დაადანაშაულა იმაში, რომ მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან გაქცევაში და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს. კამინსკის და ვონსიკის დაპატიმრების გამო ვარშავაში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S