გაერო: წელს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოსახლეობის 40%-ს დასჭირდება
10/01/2024 06:29:31 მსოფლიო
გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა 14,6 მილიონზე მეტ მოქალაქეს დასჭირდება, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ია. გარდა ამისა, გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ საზღვარგარეთ გაქცევა დაახლოებით 6,3 მილიონ უკრაინელს აიძულა.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს განცხადებით, ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება და მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა.
გაერო კოორდინირებული დახმარების გეგმას 15 იანვარს წარმოადგენს.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მიწასთან გაასწორა უკრაინის არაერთი ქალაქი.


