რუსეთის რაიონზე, სადაც უკრაინასთან ომში ჩართული სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზაა, დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან
10/01/2024 06:21:43 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინა მორიგი „ტერაქტის მცდელობაში“ დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით სარატოვის ოლქის თავზე „გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ და „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, სად ჩამოაგდეს დრონი.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ენგელსის რაიონის თავზე გაანადგურეს, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.
უკრაინას სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ ჯერ–ჯერბოთ არაფერი უთქვამს. ამ რაიონში მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი. ავიაბაზაზე დისლოცირებული არიან უკრაინასთან ომში ჩართული სტრატეგიული ბომბდამშენები.
ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმები 2022 წლის დეკემბერშიც იყო.


