აშშ-ის კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
08/01/2024 10:23:44 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ზედა ზღვარი 1,6 ტრილიონი დოლარი იქნება. ამ თანხიდან 886 მილიონი თავდაცვითი ხარჯებია, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილ 300 მილიონი დოლარს.
კონგრესის წევრები საშობაო არდადეგებიდან ამ კვირაში ბრუნდებიან. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ და სენატმა, რომლის უმრავლესობაშიც დემოკრატები არიან, 2024 წლის ბიუჯეტი 19 იანვრამდე უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამთავრობო დაწესებულებები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
„შეთანხმება დაგვაახლოებს იმასთან, რომ თავიდან ავიცილოთ მთავრობის მუშაობის შეჩერება და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს სოციალური პროგრამების მნიშვნელოვნად შემცირებას.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, კონგრესის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევა უკმაყოფილებას გამოიწვევს კონსერვატორ რესპუბლიკელებში, რომლებიც მოითხოვენ მკაცრ ეკონომიას, მათ შორის ვეტერანთა დახმარების და ჯანდაცვის პროგრამების შეკვეცის ხარჯზე.


