იორდანიის მეფემ ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში
08/01/2024 06:11:27 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს იორდანიაში ვიზიტის დროს მოუწოდეს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში.
"იორდანიის მეფე აბდულამ ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი", ნათქვამია სასახლის მირ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, მეფე აბდულამ ბლინკენი "ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის კატასტროფული შედეგების შესახებ გააფრთხილა".
თავის მხრივ ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი ისრაელში ვიზიტისას ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადებს, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
მისივე თქმით, აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდეს.
ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო. თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიასა და კატარს ეწვია. 8 იანვარს ბლინკენი გააგრძელებს თავის მოგზაურობას რეგიონში. იგი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.
ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 800 ადამიანი დაიღუპა.


