Accentnews.ge
რა თქვა ბლინკენმა სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე და რა უთხრა მას თურქმა კოლეგამ

რა თქვა ბლინკენმა სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე და რა უთხრა მას თურქმა კოლეგამ

07/01/2024 12:00:51 მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო.

იგი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა. სტამბოლის ვაჰდეტინის სასახლეში გამართულ აუდიენციას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი, ერდოღანის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი კილიჩი და თურქეთში აშშ-ის ელჩი ჯეფ ფლეიკი.

რა უთხრეს ენტონი ბლინკენს

როგორც თურქული მედია იუწყება, მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს, მათ შორის ღაზაში მიმდინარე ომი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისა და ანკარასთვის F-16 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიყიდვის საკითხები.

თურქეთის ხელისუფლებას დახურული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, ამერიკელ დიპლომატს განუცხადეს, რომ "ცეცხლი ღაზაში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს".

"თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა მოითხოვა. მისი თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება უწყვეტად უნდა შედიოდეს. მან განაცხადა, რომ ისრაელის მზარდი აგრესია საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის", – იუწყება გერმანული მედია თურქეთის ხელისუფლებს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ–ს სურს, დარწმუნდეს, რომ ისრალსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდება.

„ერთ-ერთი რეალური პრობლემა არის საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია“, - განაცხადა ბლნკენმა.

რა თქვა ენტონი ბლინკენმა

რაც შეეხება ამერიკული მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, მათ შორის უკრაინისა და შვედეთის საკითხებიც განიხილეს.

"სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირების აუცილებლობაზე და მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე უფრო ფართო და გრძელვადიანი რეგიონალური მშვიდობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დასრულების და შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ვაჭრობის გაღრმავების საკითხები", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთსა და იორდანიას ეწვია. მოგვიანებით იგი კატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 600 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S