ბელგოროდში მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავენ
05/01/2024 15:51:04 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ შესაძლოა, მოსახლეობას უფრო უსაფრთხო რაიონებში ევაკუაცია შესთავაზოს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მან მსურველებს ურჩია, მიმართონ მის ან ბელგოროდის მერის ვალენტინ დემიდოვის კანცელარიებს, ან საგანგებო სამსახურების "ცხელ ხაზს" დაუკავშირდნენ.
გლადკოვის თქმით, მოსახლეობას იმავე დღეს დაეხმარებიან, რომ დროებით გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქებში სტარი-ოსკოლსა და გუბკინში.
ქალაქი ბელგოროდი და ბელგოროდის ოლქი უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში იბომბება. სარაკეტო დარტყმების შედეგად 30 დეკემბერს 25 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. იმ მომენტიდან რეგიონს პრაქტიკულად ყოველდღე ბომბავენ.
ბელგოროდზე შეტევა მოხდა რუსეთის ჯარების მიერ 29 დეკემბერს უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ. მაშინ უკრაინაში 40-მდე ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, რუსი სამხედროები და ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დარტყმებს ახორციელებენ მხოლოდ სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.


