მეთიუ მილერი: პუტინმა არათუ ვერ მიაღწია, არამედ ვერც მიაღწევს თავის საბოლოო მიზნებს უკრაინაში
05/01/2024 06:36:26 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს რომ "პუტინი უკრაინაში თავის საბოლოო მიზნებს ვერ მიაღწევს". ამის შესახებ მან დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ხალხს ხშირად ავიწყდება რა იყო ვლადიმირ პუტინის რეალური მიზანი, რას მიაღწია რეალურად უკრაინამ და რის მიღწევას აგრძელებს. პუტინმა ეს წამოიწყო, როგორც სრული დაპყრობის ომი. მას უკრაინის აღება სურდა. მას სურდა უკრაინის მთავრობის დამხობა. მას სურდა უკრაინის შთანთქმა. უკრაინამ არა მხოლოდ შეძლო ამის თავიდან აცილება, არამედ მოახერხა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა ომის პირველ კვირებში ჩაიგდო ხელში. თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე კვირას, ვნახავთ, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევას კვლავ აგრძელებენ. მიმდინარე ომში ბრძოლის ველზე ხან უკან დახევაა და ხან წინსვლა, სადაც თითოეული მხარე იპყრობს ან კარგავს ტერიტორიას. მაგრამ, როდესაც გადავხედავთ ამ ომის საბოლოო ფსონებს, ცხადი ხდება, რომ უკრაინა გამოვა ამ ომიდან დამოუკიდებელი, ძლიერი, განვითარებული ეკონომიკით და დასავლეთისკენ მიმავალი. [...] ვითარება ბრძოლის ველზე ძალიან რთული იქნება შეერთებული შტატების დამატებითი მხარდაჭერის გარეშე და უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა და ვფიქრობთ, რომ კონგრესი საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ გვჯერა, რომ პუტინმა არათუ ვერ მიაღწია, არამედ ვერც მიაღწევს თავის საბოლოო მიზნებს", – განაცხადა მილერმა.


