აშშ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში ადანაშაულებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს
05/01/2024 06:05:16 მსოფლიო
აშშ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში ადანაშაულებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს. ამის შესახებ გაერო–ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცა სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება.
„აშშ იტყობინება, რომ მას ახალი ინფორმაცია აქვს იარაღის შესახებ, რომელსაც რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იღებს უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დამორჩილების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ-ის ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა. აშშ თვლის, რომ რუსეთი გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებულ დამატებით რაკეტებს, რათა გაანადგუროს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები“, - წერს კისლიცა.
მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა.


