CNN: ირანის მუქარის შემდეგ შიში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შესაძლებლობის შესახებ გაძლიერდა
04/01/2024 10:07:18 მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება.
როგორც CNN იტყობინება, შიში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შესაძლებლობის შესახებ გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანი ქვეყანაში 3 იანვარს მომხდარი აფეთქებების გამო ისრაელს შურისძიებით დაემუქრა. გუშინ ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაშავდა.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 3 იანვარს ლიბანში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ემსხვერპლა. იგი ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ლიბანში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
ისრაელს არც ლიბანში და არც ირანში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
CNN–ის ცნობით, რეგიონული დაძაბულობის გამწვავების ფონზე ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება.
"ღაზას სექტორის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში, სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რაიონში სიტუაცია დაწყნარდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა რამდენიმე ქვედანაყოფი გაიყვანა", -იუწყება CNN ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ღაზას სექტორში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მორიგ ტურნეს ისრაელში ვიზიტით დაიწყებს. ახლო აღმოსავლეთის კიდევ რომელ ქვეყანაში ჩავა ბლინკენი ჯერ–ჯერობით უცნობია. მისი ტურნეს შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ – 7 ოქტომბრიდან დღემდე ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 300 ადამიანი დაიღუპა.


