კადიროვი დამნაშავეების ნათესავების დახოცვას დასაშვებად მიიჩნევს
03/01/2024 14:53:04 მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დამნაშავეების ნათესავების დახოცვას დასაშვებად მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება მან ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსული გვარდიის თანამშრომლებთან ერთად გამართულ საახალწლო შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრის ვიდეოჩანაწერზე ყურადღება ტელეგრამ–არხმა „სააგენტომ“ გაამახვილა.
"...ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ხელს აღმართავს პოლიციელზე, რესპუბლიკის სტუმარზე, თუ მას ვერ ვიპოვით, ძებნას არ დავუწყებთ. მის შინაურებს ვიპოვით. ჩვენ ეს ყოველთვის გვქონდა: თუ ჩვენი მამები დამნაშავეს ვერ პოულობდნენ, აცხადებდნენ შურისძიებას მის (დამნაშავის) ძმაზე, მამაზე. ჩვენც მათზე ვიძიებთ შურს მათი ნათესავის გამო. ისინი კლავენ ადამიანს, შემდეგ კი ამბობენ: "მე უარს ვამბობ ამ ნათესავზე." ის არ იტყვის მასზე უარს, სანამ ჩვენ არ მივახვრეტთ მის რომელიმე ნათესავს", - განაცხადა, "სააგენტოს" ცნობით, კადიროვმა.
მანამდე, „კავკაზ.რეალიი“ წერდა, რომ რუსეთის გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე კადიროვმა სამართალდამცველებს მოუწოდა, თავიდან მოიშორონ მისი კრიტიკოსები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.
„დაე წავიდეს რესპუბლიკიდან ყველა, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ხედვებს. ჩვენ ბევრს ვაპატიეთ, ბევრი დაკავებული გავათავისუფლეთ. არ დავინდობ არავის, ვინც ჩეჩნეთში რაიმეს ორგანიზებისკენ მოუწოდებს. რომელ სახელმწიფოშიც არ უნდა იმყოფებოდნენ, ჩვენ გავაგზავნით მოთხოვნას, რომ გადმოგვცენ ტერორისტი. თუ არ გადმოგვცემენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ ის თავიდან ისე, როგორც შეგვიძლია. ისინი ჩვენზე ლაპარაკობენ, რაც უნდათ, იღებენ ფილმებს - ჩვენ ეს არ უნდა გავატაროთ“, - განაცხადა, „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, კადიროვმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერი თავისი ოპონენტების ლიკვიდაციაზე საუბრობს. გასული წლის ოქტომბრის ბოლოს კადიროვმა "არასანქცირებული არეულობების“ მკაცრად ჩახშობისა და მასში მონაწილეების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.


