„მოსადის“ ხელმძღვანელი: ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა
03/01/2024 14:06:56 მსოფლიო
„მოსადის“ ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა აცხადებს, რომ "ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა".
„დაე, ყველა არაბმა დედამ იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, მან საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა“, - განაცხადა დევიდ ბარნეამ.
დევიდ ბარნეამ კომენტარი „მოსადის“ ყოფილი ხელმძღვანელის ზვი ზამირის დაკრძალვაზე გააკეთა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.


