ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ამოცანები 2024 წლისთვის
03/01/2024 09:18:47 მსოფლიო
2024 წლის გარიჟრაჟზევე, როდესაც პირველივე საათებიდან ჯერ თელ-ავივი დაიბომბა "ჰამასის" მიერ, ხოლო შემდგომში, კიევი და ხარკოვი რუსეთის მიერ, გამოჩნდა თუ რამდენად რთული ამოცანებისთვის მოუწევს თავის გართმევა კოლექტიურ დასავლეთს და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
2024 წელი, ამ ორი კონფლიქტის მიმართულებით, ჯერ–ჯერობით მხოლოდ წინა წლის გაგრძელებაა და ახალს და საიმედოს არაფერს გვპირდება. გასული წლის ბოლო კვარტლის განმავლობაში, შეერთებული შტატების როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აქტიური დებატები მიმდინარეობდა უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი როგორც ჰუმანიტარული, ისე სამხედრო დახმარების თაობაზე. ამ მიმართულებით, კონგრესი ერთგვარ ვაჭრობის ადგილად იქცა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის, რომელთათვისაც, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები აშკარად განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ქვედა პალატაში, სადაც რესპუბლიკელები მყიფე უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი, ითხოვენ დაფინანსებას მექსიკა-ამერიკის საზღვარზე ახალი ზღუდეების ასაშენებლად, რასაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებიან სენატის უმრავლესობაში წარმოდგენილი დემოკრატები. საქმეს ის ართულებს, რომ რესპუბლიკელები უარს ამბობენ საგარეო დახმარებისთვის ხმის მიცემაზე, თუკი საზღვარი ჯეროვნად არ იქნება დაცული. ამდენად, შიდა პოლიტიკური განხეთქილების ეს ასპექტი, აშკარად რთულ პრობლემას წარმოქმნის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტის მხრივაც. არადა, როგორც უკრაინის, ისე ისრაელის მიმართულებით, გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ უკრაინის 1000–კილომეტრიანი ფრონტის შენარჩუნებასა და შეტევას მრავალგვარი რესურსი სჭირდება, ხოლო მეორეს მხრივ, არც ისრაელისთვის არის მარტივი ტერორიზმთან და მტრულ ჯგუფებთან გამკლავება. ახლო აღმოსავლეთში საქმეს ის კიდევ უფრო ართულებს, რომ შეერთებულ შტატებს ერთგვარად დანის წვერზე მოუწევს გავლა, რათა თავიდან აირიდოს ირანისა და ლიბანის მხრიდან, ისრაელის მიმართულებით მეორე ან მესამე ფრონტების გახსნა. ამასთან ერთად, შეერთებულ შტატებს მუდმივ მჭიდრო კომუნიკაციაში მოუწევს ყოფნა საუდის არაბეთთან და ისრაელთან დაკავშირებით ისეთი დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომ ზ/ხსენებულის განაწყენება ნაკლებად გამოიწვიოს და მისი მეშვეობით დაიტოვოს ბერკეტი ნავთობის ფასების კონტროლსა და რეგულირებაზე.
უკვე მიმდინარე წლისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ტაივანის საკითხი და მისი მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნება შეერთებულ შტატებთან. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2022 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ დაიცავს ტაივანს. თუმცა, გასული წლის ივნისში, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტისას ხაზგასმით თქვა, რომ აშშ მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ტაივანში არჩევნები გაიმართება, რომელშიც, ჩინეთმა უკვე გამოხატა სიმპათია ოპოზიციური კანდიდატის მიმართ. ამდენად, მსოფლიოს ამ ნაწილში აშშ-ის ძირითადი ინტერესია ძალაუფლება შეინარჩუნოს ამჟამდელმა მმართველმა ელიტამ და შემდგომში, ჩინეთის მოსალოდნელი უკმაყოფილების საპასუხოდ, ფლობდეს მწყობრ შემაკავებელ ბერკეტებს. საზოგადოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, ევრაზიაში აშკარად დადგა ძალთა ბალანსის აშშ-ის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბების საშიშროება.
მართალია, რუსეთის ყოველგვარ ამბიციას ევროპულ, დემოკრატიულ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ ალბათ, დიდი ხნით დაესვა წერტილი, თუმცა გაჩნდა მისი ჩინეთთან დაახლოების საფრთხე. თუკი მანამდე აშშ-ის მმართველი ელიტები რუსეთის ჩინეთთან მიმართებით ბალანსის პოლიტიკის საწარმოებლად გამოყენებას ცდილობდნენ, დღეს ამის თეორიული შანსიც კი მეტად ბუნდოვანი გახდა. შესაბამისად, წარმოიქმნა რუსეთ-ჩინეთის ალიანსის სახიფათო პერსპექტივა, რაც ევრაზიაში დომინირების კუთხით შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება იქცეს. თუკი დავესესხებით აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს და საგარეო ურთიერთობების სწავლულ ზბიგნევ ბჟეზინსკის, ისეთი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გაერთიანება, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი და ირანი, სერიოზული თავის ტკივილს გამომწვევი შეიძლება, გახდეს აშშ-სთვის. ბოლოდროინდელი მძიმე გეოპოლიტიკური ძვრებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ზ/ხსენებულმა ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა თავიანთ საერთო სტრატეგიულ ამოცანად, ბჟეზინსკის შიშის საპასუხოდ, მიზნად დაისახეს აშშ-ის შევიწროება ევრაზიის კონტინენტზე. ამდენად, დღეისთვის შეერთებული შტატების მმართველ ელიტებს სწორედ იმ რთული ამოცანის გადაჭრისთვის მოუწევთ თავის გართმევა, რაც გულისხმობს მის წინააღმდეგ გაერთიანებული ავტორიტარული რეჟიმების ერთმანეთისგან გათიშვას. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი სახის რესურსების მობილიზების ფარგლებშიც კი, აშშ-ს გაუჭირდება ყველა მათგანთან ერთდროულად დაპირისპირება და წინააღმდეგობა. როგორც ვხედავთ, 2024 წლისთვის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა საკმაოდ მძიმე და სერიოზული საგარეო ამოცანების წინაშე დგანან. ერთის მხრივ, მათ სჭირდებათ შიდა თანხმობა რესურსების განკარგვის კუთხით, ხოლო მეორეს მხრივ, მოუწევთ გასცენ პასუხი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს გლობალურად. აქედან გამომდინარე, ახლადშემოსული 2024-იც საკმაოდ საინტერესო განვითარებას გვპირდება, თუმცა ვიმედოვნოთ ყოველივე ამის დადებით კონტექსტში გამოხატვა.
ავტორი: გიორგი ლაბაძე - ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, თსუ.


