პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაზე რუსეთის მორიგ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ
03/01/2024 08:30:22 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინაზე რუსეთის მორიგ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა უპასუხოს.
„უკრაინაზე მორიგ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს“, - წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.
3 იანვრის დილის მონაცემებით, კიევსა და ხარკოვზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
2 იანვრის დილას კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა დრონებითა და რაკეტებით. რუსებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ რამდენიმე ათეული რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.


