"ჰამასმა" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა
03/01/2024 07:35:28 მსოფლიო
"ჰამასმა" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სალეჰ ალ-არურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. მისი ცნობით, იგი ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ლიბანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქება 2 იანვარს "ჰამასის" ოფისში მოხდა, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს.
57 წლის სალეჰ ალ-არური "ჰამასის" იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. იგი პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე და მოძრაობის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეთაური იყო და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ირანთან და ლიბანში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფება "ჰეზბოლასთან".
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასმა" მის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში.
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.


