რუსეთის ქალაქ ბელგოროდში განგაში გამოცხადდა, იუწყებიან სარაკეტო თავდასხმებზე
03/01/2024 05:14:10 მსოფლიო
დღეს დილით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში განგაში გამოცხადდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ განგაში სარაკეტო თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, ფანჯრებს ნუ მიუახლოვდებიან, ხოლო თუ ქუჩაში არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
რუსეთი ბელგოროდზე თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
2 იანვარს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4 სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 30 დეკემბერსაც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 25 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.


