Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო: ბელგოროდში ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიცერი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო: ბელგოროდში ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიცერი

01/01/2024 09:27:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, "ბელგოროდზე დარტყმამ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიცრების რიგები შეამცირა".

როგორც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შედეგად 27 წლის რუსი უფროსი ლეიტენანტის მიხაილ კონოპიცინის ლიკვიდირება განხორციელდა.

დაზვერვის ოფიცრებმა განმარტეს, რომ 2023 წლის ნოემბერში კონოპიცინი გაგზავნეს ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო განყოფილებაში სამუშაოდ. „მანამდე ოკუპანტი უკრაინის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო ოცეულის მეთაურად იბრძოდა“, - დასძინეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში.

თავდასხმა ბელგოროდზე

ცნობისთვის: 30 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში სამხედრო ობიექტებს შეუტიეს. ბოლო ცნობებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მონაცემებით, დაჭრილია 108 ადამიანი. 25 ადამიანი მძიმე ტრავმებით მოათავსეს ფედერალურ საავადმყოფოებში.

დაზიანდა 37 მრავალსართულიანი სახლი, 450-ზე მეტი ბინა, რამდენიმე კერძო სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც მოსკოვის მოთხოვნით გაიმართა, მიუღებელი უწოდა რუსეთისა და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნებს „ბოროტმოქმედების თანამონაწილეები“ უწოდა. დასავლეთის ქვეყნებმა სხდომაზე უკუაგდეს მოსკოვის მხრიდან ბრალდებები და აღნიშნეს, რომ ბელგოროდში მსხვერპლი არ იქნებოდა, რუსეთს რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ დაეწყო.

ნებენზიას თქმით, რაც უფრო მეტად დაემუქრებიან რუსეთს, მით უფრო მკვეთრი იქნება ამაზე მისი რეაქცია.

29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული. დაიღუპა 40-მდე ადამიანი.

30 დეკემბერს ღამით მთელს უკრაინაში ისმოდა საჰაერო განგაში. ხარკოვის ოლქში იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ ხარკოვში 30 დეკემბერს საღამოს განხორციელებული დარტყმის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიჭრა. 31 დეკემბერს დრონების ახალი იერიშის შედეგად დაზიანდა ბანკის განყოფილება, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხარკოვის დაბომბვა ბელგოროდზე იერიშის პასუხი იყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა სასტუმრო Kharkiv Palace-ზე, მასში თითქოს იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ბელგოროდში ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა ფორმირება „მემარჯვენე სექტორის“ დროებითი დისლოკაციის პუნქტზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ცენტრზე, საწვავის ბაზებზე ხარკოვსა და ზაპოროჟიეში.

თავის მხრივ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 30 დეკემბრის ანგარიშში იტყობინებოდა, რომ პარასკევს ღამით 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვის, ბელგოროდის, ტულის, ტვერისა და ბრიანსკის მახლობლად მდებარეობს. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, შერჩეული სამიზნეებიდან ბევრი გაანადგურეს.

სამხედრო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია მებრძოლი მხარეების განცხადებების სისწორის შემოწმება.

მთლიანობაში, 2022 წლის თებერვლიდან მოკიდებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა რეალური რიცხვი, როგორც ჩანს, უფრო მეტია. რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S