ბრიტანეთი "ასობით საზენიტო რაკეტას" უგზავნის უკრაინას რუსეთის მასიური შეტევის შემდეგ
29/12/2023 17:36:49 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა, 29 დეკემბერს რუსული ძალების მიერ უკრაინაზე მიტანილი მასიური საჰაერო იერიშის შემდეგ, კიევისთვის ბრიტანული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „ასობით საზენიტო რაკეტის“ გაგზავნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X–ზე დაწერა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსული დარტყმების ბოლო ტალღას უწოდა "სასოწარკვეთილი და უშედეგო მცდელობა, აღადგინოს იმპულსი ასობით ათასი წვევამდელის კატასტროფული დაკარგვის" და პუტინის დამცირების შემდეგ, რადგან მისი "სამდღიანი ომის" მესამე წელი იწყება.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ამიტომ, დღეს ჩვენ ვაგზავნით ასობით საზენიტო რაკეტას ბრიტანული საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, რომლებსაც შეუძლიათ, ჩამოაგდონ რუსული დრონები და რაკეტები წარმოუდგენელი სიზუსტით“, - განაცხადა მან.
შაპსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ცდება, იმედოვნებს რა, რომ "გამარჯვებას გამოგლეჯს".
„უკრაინის მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ძირის გამოთხრამ დაამტკიცა, რომ უკრაინა კვლავ გამარჯვებისთვის იბრძვის. და დღევანდელი საჰაერო თავდაცვის პაკეტი გზავნის ცალსახა სიგნალს, რუსული ბარბაროსობის ფონზე, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება აბსოლუტურად ერთგული უკრაინის მხარდაჭერაში",– თქვა მინისტრმა.
რუსეთმა ღამით და დილით უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი მასიური დარტყმა განახორციელა. აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვის, კიევის, ხარკოვის, დნეპრისა და ჩერკასის, სუმის, ოდესის რეგიონებში. ზოგიერთ ქალაქს დილით რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დაიღუპა, სულ მცირე, 15, დაშავდა ათობით ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე ყველაზე მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტიდან და უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს 114: 27 შაჰედ-136/131 დრონი და 87 Kh-101/Kh-555/Kh-55 ფრთოსანი რაკეტა.


