პრაღაში მომხდარი მასობრივი სროლის ავტორი წერილში კიდევ ორ მკვლელობას აღიარებს
29/12/2023 08:57:10 მსოფლიო
ჩეხეთის პოლიციამ აღმოაჩინა წერილი, რომელშიც პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის მასობრივი სროლის ავტორი – 24 წლის სტუდენტი კიდევ ორ მკვლელობას აღიარებს. ინფორმაცია The Guardian-თან ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენელმა იან დანეკმა დაადასტურა.
წერილი ჩხრეკისას იპოვეს მსროლელის სახლში. მასში სტუდენტი აღიარებს პრაღის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე ტყეში მამაკაცისა და ბავშვის მოკვლელობას.
”შემიძლია, დავადასტურო, რომ ჩვენ ვიპოვეთ წერილი გოსტონში, რომელშიც მსროლელი აღიარებდა კლანოვიცის ტყეში მომხდარ მკვლელობებს,” - თქვა დანეკმა.
მას დეტალები არ დაუზუსტებია, მაგრამ დასძინა, რომ "ახლა ყველაფერი მიუთითებს" იმაზე, რომ შეიარაღებული პირი პასუხისმგებელია 17 ადამიანის მკვლელობაზე.
პოლიცია მოტივზე არ მიუთითებს. მათი თქმით, გამოძიება გრძელდება.
ჩარლზის უნივერსიტეტის შენობაში 21 დეკემბერს მომხდარი თავდასხმა ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა ჩეხეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში. ფილოსოფიის ფაკულტეტის 24 წლის სტუდენტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი ჩეხეთის მოქალაქე იყო.


