AP: რუსეთმა დამალა კახოვკას კაშხლის მსხვერპლთა რაოდენობა
29/12/2023 08:13:28 მსოფლიო
უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილის საოკუპაციო ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დამალა რეგიონში წყალდიდობის მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, რომელიც გამოწვეული იყო 2023 წლის ივნისში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის აეთქების შედეგად. იუწყება სააგენტო AP თავის მასალაში, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის ინტერვიუებს სამ სამედიცინო მუშაკთან, რომლებიც აწარმოებდნენ ჩანაწერებს დაღუპულთა შესახებ; მოხალისეებს, რომელმაც დაკრძალეს დაღუპულები, ასევე ორ უკრაინელ ინფორმატორს, რომლებიც თანამშრომლობდნენ უკრაინულ დაზვერვასთან.
ქალაქ ოლეშკის ჰოსპიტალის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია ქუჩების დასუფთავებაზე, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრების შეგროვება უბრძანეს. ისინი მასობრივ სამარხებში დამარხეს. სამედიცინო მუშაკების თქმით, მხოლოდ ოლეშკში რამდენიმე ასეთი საფლავი გაითხარა, სადაც ათეულობით ცხედარი დაკრძალეს.
კატასტროფის შემდეგ მალევე, ოლეშეკის საოკუპაციო ადმინისტრაცია გაიქცა ქალაქიდან და დაბრუნდა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც წყლის დონემ კლება დაიწყო. დაბრუნების შემდეგ, ამ "ხელისუფლებამ" აუკრძალა ექიმებს წყალდიდობის მსხვერპლთა გარდაცვალების მოწმობების გაცემა და წესების გვერდის ავლით დაიწყეს დაღუპულთა ცხედრების ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის სხვა დასახლებებში გადასვენება.
ზოგიერთ დაღუპულს ნათესავები არ ჰყავდა, ამიტომ, მათი დაკრძალვა „ხელისუფლებას“ მოუწია. თუმცა, ეს ცხედრები უბრალოდ "გაქრა", – მიუთითებენ ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც გამოკითხეს ჟურნალისტებმა. რუსეთის უსაფრთხოების ძალები ასევე დაემუქრნენ მათ, ვინც თავად ცდილობდა ცხედრების დაკრძალვას, – განუცხადა AP-ს მოხალისემ ოლეშკიდან.
AP-ის თანამოსაუბრეების თქმით, მხოლოდ ოლეშკში წყალდიდობის გამო 200-დან 300-მდე ადამიანი შეიძლებოდა, დაღუპულიყო. ამავდროულად, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის „გუბერნატორმა“ ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ მთელ რეგიონში სტიქიის შედეგად მხოლოდ 59 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კაშხლის ნგრევის შემდეგ 31 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი დაიღუპა რუსული არმიის დაბომბვის შედეგად, რომელიც რეგიონში ინციდენტის მიუხედავად, არ ჩერდებოდა. რუსული ძალების თავდასხმები სოციალურ და სასწრაფო დახმარების მუშაკებზე, რომლებიც სტიქიის ზონაში მიემგზავრებიან, არაერთხელ დაფიქსირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.


