ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება
28/12/2023 14:04:15 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ემზადება კიევში ვიზიტისთვის, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია. ევროპული პრავდას ცნობით, ამის შესახებ მან პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადამზიდავების საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იუწყება TVN 24.
„ჩემთვის ცოტა სულელურია ამაზე საუბარი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია, ჩახვიდე კიევში და მთელი ვიზიტი პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებს მიუძღვნა. მაგრამ ჩვენ მოვამზადებთ ამ ვიზიტს. ისე, რომ პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრის დროს ცხადი იყო, რისი მიღწევა გვინდოდა“, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ის მძღოლებს სთხოვს არ გადაკეტონ გადასასვლელები „სწორედ რომ ომის გამო“. პრემიერმა დასძინა, რომ ვითარება დრამატულია და დაარწმუნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლონელ გადამზიდავებს ცხოვრება გაუადვილოს.
ტუსკმა ასევე თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა უახლოვდება უკრაინის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტის სატვირთო მძღოლების ბლოკადის შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ პოლონური გადამზიდავების ბლოკადა 6 ნოემბრიდან გრძელდება. ორშაბათს, 18 დეკემბერს, გადამზიდავებმა განაახლეს დოროგუსკ-იაგოდინის საგუშაგოს ბლოკადა მას შემდეგ, რაც ის შეწყდა ადგილობრივი ხელისუფლების აკრძალვის გამო.
ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებისას. აქ არ იგულისხმება ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ტვირთები.


