Accentnews.ge
ნიგერიის სოფლებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობამ 198–ს მიაღწია

ნიგერიის სოფლებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობამ 198–ს მიაღწია

28/12/2023 13:31:00 მსოფლიო

შობის წინა დღეებში ნიგერიის ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ შტატ პლატოში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობამ 198–ს მიაღწია. როგორც France 24 იტყობინება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ბოკკოსის რაიონში 148 პირი დაიღუპა, სულ მცირე, 50 მსხვერპლი ბარკინ ლადის რაიონში აღრიცხეს.

პლატოს გუბერნატორმა კალებ მუტფუანგმა განაცხადა, რომ 23-24 დეკემბერს 17 თემს თავს დაესხნენ და მათი სახლების უმეტესობა დაიწვა. ამავდროულად, ზოგიერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ რეაგირებდნენ თავდასხმების შესახებ შეტყობინებებზე.

ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა მკვლელობაზე. ვარაუდობენ, რომ მკვლელობების უკან ფულანი მუსლიმი მწყემსები დგანან. ამ ტომის წარმომადგენლებმა არაერთხელ ჩაიდინეს თავდასხმები და ხოცვა-ჟლეტა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში. ეს ტერიტორიები განიცდიდა ხანგრძლივ ეთნო-რელიგიურ კონფლიქტს, რაც გამწვავდა ქრისტიან და მუსლიმ ფერმერებს შორის მიწისა და წყლის რესურსების შესახებ დავის გამო.

Reuters-ი გადარჩენილ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოევიკები შეიარაღებულები იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით და მაჩეტეებით.

ნიგერიული გაზეთი Daily Post წერს, რომ ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა ნიგერიის პრეზიდენტის ბოლა ტინუბუს მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხელისუფლებაში მაისში მოვიდა. ნიგერიის Amnesty International-ის ხელმძღვანელმა ისა სანუსიმ განაცხადა, რომ ტინუბუს ადმინისტრაციამ, ისევე როგორც წინა ადმინისტრაციამ, ვერ მიიღო ხელშესახები ზომები მაცხოვრებლების დასაცავად და დამნაშავეების დასასჯელად. ნიგერიელმა უფლებადამცველებმა პლატოს ხოცვა-ჟლეტას გენოციდის დაგეგმილი აქტი უწოდეს.

ეს იყო ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა ნიგერიაში 2018 წლის შემდეგ, როდესაც დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S