რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გაასაჯაროვა არმიაში კონტრაქტით მომსახურე სამხედროების რაოდენობა
28/12/2023 12:12:22 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად გაასაჯაროვა არმიაში კონტრაქტით მომსახურე სამხედროების რაოდენობა. როგორც იუწყებიან, მათი რიცხვი 640 ათასზე მეტია. ამის შესახებ РБК რუსეთის სამხედრო უწყების ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
14 დეკემბერს მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პუტინმა თქვა, რომ ახალი მობილიზაცია საჭირო არ არის, რადგან ომისთვის მოხალისეებად 486,000 ადამიანი იქნა მობილიზებული. მისივე თქმით, ამჟამად ფრონტზე მობილიზებულია 244 ათასი მოხალისე, ხოლო უკრაინაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფება 617 ათასს შეადგენს.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის არმიის რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 170 ათასი ადამიანით გაზრდის შესახებ. განკარგულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეადგენს 2209130 ადამიანს, მათ შორის მილიონ 320 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ ამტკიცებდა, რომ არ იყო დაგეგმილი ახალი მობილიზაციის განხორციელება, ასევე გაწვევის მნიშვნელოვნად გაზრდა. თავდაცვის სამინისტრო ცნობით, ჯარის ზომა გაიზრდება "მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, გაიარონ სამხედრო სამსახური ხელშეკრულების საფუძველზე".
იზრდება რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგიც. ამერიკული დაზვერვის ცნობით, დანაკარგებმა მოკლული და დაჭრილი სამხედროების ჩათვლით, 300 000–ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი დანაკარგი რუსულმა არმიამ განიცადა გაზაფხულზე ბახმუტზე შეტებისას, ხოლო ახალ პიკს მიაღწია შემოდგომაზე – ავდეევკაზე შეტევის დაწყების შემდეგ. როგორც იუწყებოდნენ, რუსეთი დღეში 1000 სამხედროს კარგავდა.


