ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი ბლინკენსა და სალივანს ხვდება
26/12/2023 19:26:02 მსოფლიო
ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს ხვდება.
ვაშინგტონში შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც აშშ-მა საჯაროდ მოუწოდა ისრაელს, მეტი გაეკეთებინა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ქრისტესშობის წინა დღეებში ომი გამწვავდა, განსაკუთრებით – ღაზას სექტორის ცენტრალურ რაიონში. ისრაელმა ღაზას ცენტრალურ რაიონში 26 დეკემბერს ახალი საჰაერო თავდასხმები განახორციელა . გაერო–მ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ისრაელის თავდასხმების გაძლიერებით, რის შედეგადაც, შობის დღიდან მოყოლებული, 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ანკლავის ერთ ნაწილში.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 21 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.


