მედია: აშშ–მა 7 ოქტომბრიდან ისრაელში გაგზავნა 20 ხომალდი და 230 თვითმფრინავი იარაღით
26/12/2023 10:31:19 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა 7 ოქტომბრიდან ისრაელში გაგზავნა 20 ხომალდი და 230 თვითმფრინავი იარაღით. ამის შესახებ ადგილობრივიგამოცემა Yedioth Ahronot წერს.
გამოცემის ცნობით, ეს დახმარება მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და სამხედროებისთვის ძირითად საბრძოლო აღჭურვილობას. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა მედიასაშუალებას უამბო იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება საბრძოლო მასალა: მისი თქმით, ისრაელის არმიამ ომამდე არსებული საბრძოლო მასალის უმეტესი მარაგი გამოიყენა. ამავე დროს, მან შეავსო თავისი საწყობები, რათა მზად ყოფილიყო "ჰეზბოლას" წინააღმდეგ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის, თუ ეს უკანასკნელი გახსნიდა მეორე ფრონს.
25 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანაპარტიელებთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელის არმია გააძლიერებს შეტევას ღაზას სექტორში ტერორისტული მოძრაობა "ჰამასის" პოზიციებზე. მანამდე ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პოზიციები მოინახულა და მეთაურებს ესაუბრა.
”ყველა მათგანმა [სამხედროებმა - რედ.] ერთი რამ მთხოვა: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე”, - თქვა ისრაელის პრემიერმა, ”და ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ შეტევას და გავაძლიერებთ მას მომავალ დღეებში. ეს ომი ხანგრძლივი იქნება, არ სრულდება".
მოგვიანებით, იმავე დღეს, ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ "ჰამასის" მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება შეუძლებელია ტერორისტულ ჯგუფზე სამხედრო ზეწოლის გაზრდის გარეშე. ამ ფონზე მძევლების დარბაზში მყოფი ნათესავები სკანდირებდნენ „ახლა! ახლა!“ და ითხოვდნენ სასწრაფო ზომების მიღებას მათი ახლობლების ნებისმიერ ფასად გათავისუფლებისთვის.
მანამდე Reuters–მა დაწერა, რომ "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა", რომლებიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფებად არიან აღიარებულები, უარყვეს ეგვიპტის შეთავაზება, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ღაზას სექტორში ძალაუფლების დათმობის თაობაზე.


