ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა
25/12/2023 17:03:48 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებს შეხვდა, - იუწყება მედია პრემიერის ოფისზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო.
"ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და ასევე ვიცი, რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მანამ ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით", -ციტირებს მედია ნეთანიაჰუს.
ისრაელი 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში.


