ლიეტუვა მზადაა, სამხედროები გაგზავნოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში
25/12/2023 14:11:47 მსოფლიო
2024 წლის საერთაშორისო მისიების მანდატი, რომელიც დამტკიცებულია ლიეტუვას სეიმის მიერ, სამხედრო პერსონალის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გაგზავნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, იუწყება LRT.
მისი თქმით, ვილნიუსმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ რეგიონს. სეიმის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში ნახსენებია სულ 13 საერთაშორისო ოპერაცია.
„ამ მიზნების მისაღწევად, სახელმწიფო თავდაცვის საბჭო დათანხმდა ლიეტუვას მონაწილეობას რეგიონში მოკავშირეთა ოპერაციებში 10-მდე ჯარისკაცის და ეროვნული თავდაცვის სისტემის საჯარო მოსამსახურის გაგზავნით“, - თქვა ლანდსბერგისმა.
ჯერ კიდევ ივლისში მთავრობამ დაამტკიცა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ითვალისწინებს „ლიეტუვას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას ზემოაღნიშნულ რეგიონთან, საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების ხელშეწყობას, ეროვნული თავდაცვის სისტემის ხილვადობის გაზრდას რეგიონში, ასევე რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას და საფრთხეებთან ბრძოლას“.
„ასეთი მანდატით ლიეტუვა მზად იქნება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების მიმდინარე ქმედებებში ან შესაძლო ახალ ოპერაციებში რეგიონში“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მან ასევე დასძინა, რომ 2024 წლიდან ლიეტუვა 60-დან 100 – მდე გაზრდის იმ პერსონალის რაოდენობას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო სასწავლო ოპერაციაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად.


