სანდუ მოლდოვაში ევროინტეგრაციაზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს
25/12/2023 13:07:03 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ინიცირებას იწყებს.
სანდუმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, "რაც შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ."
"ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის",– თქვა სანდუმ და ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვას ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რანგში ექნება.
"ამიტომ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ მსოფლიოს მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის ორგანიზება მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი მოქალაქეების ხმა იქნება." - თქვა სანდუმ და მოლდოვის მოქალაქეებს სთხოვა, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდება.


