დიდი ბრიტანეთი გაიანაში სამხედრო ხომალდს გზავნის ვენესუელასთან დაძაბულობის ფონზე
25/12/2023 10:43:04 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა გაიანასთვის დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ვენესუალასთან სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სამხედრო გემს გაგზავნის. წერს "როიტერი".
როგორც იუწყებიან, შობის შემდეგ ბრიტანული სამხედრო გემი HMS Trent-ი, რომელიც მანამდე კარიბის ზღვაში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან საბრძოლველად იყო გაგზავნილი, გაიანას არმიასთან ერთად სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
ბოლო პერიოდში გაიანასა და ვენესუელას შორის დაძაბულობა გაიზარდა: ვენესუელამ გაიანას ესეკიბოს რეგიონზე პრეტენზია განაახლა. 3 დეკემბერს ვენესუელის მოქალაქეებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მეზობელი გაიანას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას მხარი დაუჭირეს. თუმცა, მოგვიანებით ვენესუელა და გაიანა შეთანხმდნენ, რომ ძალის გამოყენებისა და დაძაბულობის ესკალაციისგან თავს შეიკავებდნენ.


