გერმანიაში ღაზას ომთან დაკავშირებული 2600 დანაშაული დაფიქსირდა
25/12/2023 10:01:09 მსოფლიო
გერმანიაში კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა ოფისმა (BKA) დაარეგისტრირა დაახლოებით 2600 პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დანაშაული, რომლებიც დაკავშირებულია ღაზას სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან. ამის შესახებ DW პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
2600 დანაშაულიდან 1100-ზე მეტი ანტისემიტურია. ანგარიშის მიხედვით, დანაშაულები ძირითადად საკუთრების დაზიანებასა და სიძულვილის გაღვივებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, 7 ოქტომბრიდან კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა ოფისმა მიიღო ცნობები ისლამოფობიური სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების „ორნიშნა რიცხვის“ შესახებ. პოლიციის ცნობით, ამ დანაშაულთა უმეტესობა ასევე გულისხმობს ქონების დაზიანებას და სიძულვილის გაღვივებას.
ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება „დიდი საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოების ვითარებას გერმანიაში“, განსაკუთრებით საშობაო არდადეგების წინ, – განაცხადეს კრიმინალური პოლიციის ოფისში.
მანამდე მსგავს რისკებზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ისაუბრა. ხოლო გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, რომელიც ასრულებს სადაზვერვო სააგენტოს როლს, მიუთითა ქვეყანაში ისლამისტური ტერაქტების საფრთხის დონის მნიშვნელოვან ზრდაზე ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის ფონზე.


