"ჰამასის" გვირაბებში ხუთი მძევლის ცხედარი იპოვეს
25/12/2023 09:50:44 მსოფლიო
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ "ჰამასის" გვირაბებში იპოვეს ხუთი მძევლის ცხედარი, რომელთაგან სამი სამხედრო იყო.
„ჯარისკაცებმა 7 ოქტომბერს გატაცებული ხუთი მძევლის ცხედარი იპოვეს და ისრაელში გადაასვენეს დასაკრძალად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის სამხედროებმა მძევლების ცხედრები ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯაბალიაზე კონტროლის დამყარების ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. ამ ოპერაციის ფარგლებში, IDF-მ ასევე აღმოაჩინა "სტრატეგიული გვირაბების ქსელი", რომელიც სავარაუდოდ, "ჰამასის" მიერ შტაბბინად გამოიყენებოდა. იგი მოიცავდა ორ დონეს: პირველი იყო დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე, მეორე – "ათობით მეტრის". იქვე იქნა ნაპოვნი იარაღი, მათი წარმოების ინფრასტრუქტურა და თავშესაფრები.
7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დატყვევებული დაახლოებით 130 ადამიანი კვლავ ჯიჰადისტების ტყვეობაშია. მოხერხდა 110 ადამიანის გათავისუფლება. არსებული ცნობებით, სულ მცირე 30 მძევალი დაიღუპა ტყვეობაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება "ჰამასის" სრულ განადგურებამდე.
იმავდროულად, ეგვიპტემ წარმოადგინა ახალი წინადადება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მძევლების გაცვლის მიზნით. ამის შესახებ Times of Israel წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ისრაელის ხელისუფლება კატეგორიულად არ უარყოფს ამ გეგმას.
გეგმა მოიცავს ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას და "ჰამასის" 40 მძევლის (ქალები, ბავშვები და მოხუცები) გათავისუფლებას ისრაელის ციხეებიდან 120 პალესტინელი პატიმრის გაშვების სანაცვლოდ. გარდა ამისა, კაიროს გეგმების მიხედვით, უნდა შეიქმნას პალესტინის გარდამავალი მთავრობა, რომელიც გააკონტროლებს როგორც დასავლეთ სანაპიროს, ასევე ღაზას სექტორს და გზას გაუხსნის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. გეგმის მესამე პუნქტი მოიცავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, სამხედრო პერსონალის ჩათვლით, პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, რომლებიც დაკავშირებულები არიან "ჰამასთან". ამ ეტაპზე ისრაელი სავარაუდოდ, გაიყვანს ჯარებს ღაზას სექტორიდან და რეგიონის დევნილ მოსახლეობას დაბრუნების საშუალებას მისცემს.


