მედია: პანამის არხში გემების გადაადგილება შეზღუდეს
22/12/2023 14:31:46 მსოფლიო
ნალექის დეფიციტის გამო, პანამის არხში გემების გადაადგილება შეზღუდეს,– იუწყება „გარდიანი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეზღუდვა უკვე ახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და ვითარება სავარაუდოდ გაუარესდება.
გამოცემის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში, როდესაც წვიმის სეზონია, რეგიონში ჩვეულ მაჩვენებლებთან შედარებით, 41%-ით ნაკლები ნალექი მოვიდა. როგორც პანამის არხის ადმინისტრაცია აცხადებს, ნალექის ნაკლებობა ნაწილობრივ ელ-ნინიოს სახელით ცნობილ ფენომენს უკავშირდება, რომელიც გლობალურ დათბობას აუარესებს. წყლის დეფიციტის გამო, პანამის არხში 24 საათში მხოლოდ 22 ხომალდის გატარებაა დაშვებული. მანამდე ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენდა. თებერვალში კი არხში დღე-ღამეში მხოლოდ 18 გემს გაატარებენ.
გამოცემა წერს, რომ არხის ორივე მხარეს სატვირთო ხომალდების რიგები დგას. ზოგიერთ მათგანს რიგში ლოდინი ორი კვირა უწევს. ზოგიერთმა ოპერატორმა უკვე გაავრცელა გაფრთხილება, რომ ჩინეთსა და აშშ-ში ტვირთის საშობაოდ ჩატანას ვერ შეძლებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულის გამო პროდუქტების ფასები მოიმატებს.


