აშშ–მა, შვედეთისა და ფინეთის შემდეგ, დანიასთან მოაწერა ხელი სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმებას
22/12/2023 09:26:25 მსოფლიო
შვედეთისა და ფინეთის შემდეგ, ნატო–ს წევრმა დანიამ დადო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. შესაბამის დოკუმენტებს ვაშინგტონში 21 დეკემბერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს ხელი.
შეთანხმება საშუალებას მისცემს აშშ-ს, განათავსოს ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ დანიაში. ამერიკელებს ასევე ექნებათ წვდომა დანიის საჰაერო ძალების სამ ბაზაზე - კარუპზე, ალბურგსა და სკრიდსტრუპზე. რასმუსენმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს გააძლიერებს არა მხოლოდ დანიის, არამედ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დადებული ხელშეკრულება არ ვრცელდება ფარერის კუნძულებზე და გრენლანდიაზე, რომლებიც ძირითადად ავტონომიური ტერიტორიებია.
„მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ აშშ-ს ძალისხმევას ევროპაში ომის, კონფლიქტისა და დაუცველობის დროს. დანიამ და ევროპას უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ შეთანხმების გაფორმებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ლარს ლოკე რასმუსენმა.
ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დანია წამყვან როლს თამაშობს მცდელობებში, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ დარჩეს "სტრატეგიულ მარცხად".
შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ ორივე სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოების მიერ დამტკიცების შემდეგ. ამის მისაღწევად დანიას კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოუწევს. ამაზე მუშაობა მომავალ წელს დაიწყება.


