პროტესტის ფონზე, სერბეთში 30 უბანზე განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
22/12/2023 06:55:46 მსოფლიო
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 დეკემბერს 30 უბანზე განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
სერბეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მომხრეები ბელგრადის ქუჩებში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც გამარჯვება მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა. დემონსტრანტების განცხადებით, კენჭისყრის შედეგები მოქალაქეთა ნებას არ გამოხატავს. არჩევნები არათავისუფლად შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.
ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება და დემონსტრანტების მოთხოვნას, ბელგრადში ხელახალი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ, არ აკმაყოფილებს.
30 საარჩევნო უბანი (ჯამში 12 240 ამომრჩეველი) სერბეთის 8000-ზე მეტი საარჩევნო უბნის მხოლოდ 0.38%-ს შეადგენს და ის საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.


