მედია: ტოკიო იაპონური "პატრიოტის" რაკეტების ექსპორტს განიხილავს უკრაინის დასახმარებლად
21/12/2023 08:40:56 მსოფლიო
ტოკიო განიხილავს, აშშ–ს იაპონური წარმოების Patriot-ის რაკეტების ევროპასა და სხვა ქვეყნებში გაგზავნის უფლება მისცეს, რაც უკრაინას ირიბად დაეხმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში. ქვეყნის მთავრობა შეიარაღების ექსპორტზე ინსტრუქციებს პარასკევს განაახლებს,– იუწყება Nikkei Asia.
Nikkei Asia–ს ცნობით, ცვლილება შესაძლებელს გახდის ლიცენზიით წარმოებული რაკეტების და სხვა აღჭურვილობის იმ ქვეყნებისთვის მიწოდებას, რომლებიც მათი პატენტის მფლობელები არიან. ამჟამად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ ლიცენზირებული ტექნიკის კომპონენტების გაგზავნაა შესაძლებელი. იაპონია მიმღებ ქვეყნებს ასევე უფლებას მისცემს, წინასწარი თანხმობით, აღჭურვილობა მესამე ქვეყნებს გადასცენ, გარდა შეიარაღებულ კონფლიქტებში აქტიურად ჩართული მხარეებისა, როგორიცაა უკრაინა და ისრაელი. ეს ხელს შეუშლის ვაშინგტონს იაპონური წარმოების Patriot-ის რაკეტების პირდაპირ კიევში გაგზავნაში, მაგრამ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდების გაგრძელებისთვის მეტ სივრცეს მისცემს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ნაბიჯის ფარგლებში, იაპონიის ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს შეერთებულ შტატებში Patriot-ის რაკეტების გაგზავნის წელსვე დამტკიცებას. ვაშინგტონმა ითხოვა ეს მიწოდება, რადგან საკუთარი მარაგების შევსება სურს.
Patriot-ის რაკეტებს ამჟამად იყენებენ უკრაინა, ისრაელი და ტაივანი, – თქვა მარკ კანციანმა, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა მრჩეველმა.
შეერთებულ შტატებს შეუძლია, შეინარჩუნოს მიწოდება ამ ქვეყნებისთვის, "მაგრამ მოგვიანებით მოუწევს გარკვეული რთული კომპრომისების გაკეთება", - თქვა კანციანმა.
ამერიკული მარაგების იაპონური წარმოების რაკეტებით შევსებით, ვაშინგტონი შეძლებს, განაგრძოს უკრაინისა და სხვა ქვეყნების აღჭურვა. ეს საშუალებას აძლევს იაპონიას, ირიბად დაეხმაროს უკრაინას.
ნატო–ს თხოვნის საპასუხოდ, იაპონია განიხილავს, აშშ-ს მიერ იაპონური წარმოების Patriot-ის რაკეტების მესამე ქვეყანაში გაგზავნის დამტკიცებას. მომავალ წელს ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და დაადგენს გრაფიკს შეერთებული შტატებისა და სხვა მხარეების სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე.
რაკეტები შეიძლება, გაიგზავნოს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პოლონეთი, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ისევე როგორც, მრავალი სხვა ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც აფართოებენ თავიანთ არსენალს უკრაინის ომის საპასუხოდ.
იაპონია ცდილობს, გაზარდოს უსაფრთხოებაში წვლილი და გააძლიეროს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნატო–სთან აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთი სწრაფად აფართოებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ავითარებს ბირთვულ და სარაკეტო ტექნოლოგიას. ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო აქტივობებს აწარმოებენ იაპონიის მახლობლად წყლებსა და ცაში. აღმოსავლეთ აზიაში ნატოს მსგავსი რეგიონალური უსაფრთხოების ალიანსი არ არსებობს. თუ კრიზისი იფეთქებს ტაივანის სრუტეში ან რეგიონის ფარგლებში სხვაგან, იაპონიას მოუწევს ინდივიდუალური თანამშრომლობის ძიება. ნატოს წევრებთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანი იქნება კრიზისის დროს მხარდაჭერისთვის.


