ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე მთავარი ქალაქის ევაკუაციის ბრძანება გასცა
21/12/2023 06:32:19 მსოფლიო
ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე მთავარი ქალაქის – ხან-იუნისის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისი აცხადებს, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა საევაკუაციო ტერიტორიის რუკა, რომელიც მოიცავს ქალაქ ხან-იუნისის დაახლოებით 20 %–ს. გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებამდე ქალაქში 110 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ რაიონში განთავსებულია 32 თავშესაფარი, რომელშიც 140 ათასზე მეტი ადგილნაცვალი ადამიანი იმყოფება, მათ უმეტესობა მანამდე სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდანაა ევაკუირებული.
ისრაელის არმიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხან- იუნისში სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებზე "სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციები ჩატარდა ათობით ტერორისტისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელი "ჰამასს" ღაზას სექტორში ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. არსებული ინფორმაციით, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაზე უშედეგოდ დასრულდა. Wall Street Journal ეგვიპტურ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ ნებისმიერ დროებით ზავამდე "ჰამასის" წარმომადგენლები ისრაელისგან ღაზას სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.


