შვეიცარია უკრაინისთვის 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს
21/12/2023 06:23:51 მსოფლიო
შვეიცარია ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად დამატებით 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა.
თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის.
ჯამში შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო.


