Accentnews.ge
აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს ამკაცრებს

აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს ამკაცრებს

20/12/2023 18:18:00 მსოფლიო

აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე.

ე.წ. ფასების ჭერი უფრო მკაცრად იქნება დაცული. ამასთან, დამატებითი სანქციები დაუწესდათ ჰონგ-კონგისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს, რომლებიც, აშშ-ის აზრით, ხელს უწყობენ მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობით ვაჭრობას.

ახალი წესებით, ქვეყნები („დიდი შვიდეულის“ წევრი ყველა ქვეყანა, ევროკავშირი და ავსტრალია), რომლებმაც ხელი მოაწერეს ფასების ჭერის შესახებ შეთანხმებას ვალდებული იქნებიან, ანგარიში წარმოადგინონ რუსული წარმომავლობის ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ყოველი კომერციული ოპერაციის შესახებ. მათი ანგარიშვალდებულება საგრძნობლად გამკაცრდება. ამ ქვეყნების კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მონაცემები რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ყოველი დატვირთვისა და გადმოტვირთვის შესახებ, ასევე ყველა ხარჯზე, რაც ასეთ მოქმედებებთან არის კავშირში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა ოთხი კომპანია, რომლებიც, მისი ცნობით, რუსეთის ენერგომატარებლებით მუშაობენ. ესენია: Bellatrix Energy და Covart Energy ჰონგ-კონგიდან და Voliton DMCC და SUN Ship Management-ი, რომლებიც საამიროებში არიან რეგისტრირებული. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს კომპანიები არ იცავდნენ ფასების ჭერს ან გაზარდეს რუსული ნედლეულის წილი თავიანთ ვაჭრობაში მას მერე, რაც შეზღუდვები დაწესდა.

რუსეთის ნავთობზე ფასების ზღვარი ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა შარშან დეკემბერში დააწესეს.

ის ბარელში 60 დოლარამდე ზღუდავს მაქსიმალურ ფასებს რუსულ ნედლ ნავთობზე, რომელიც ზღვით გადააქვთ. თებერვლიდან შეიზღუდა ასევე ნავთობპროდუქტების ფასები: მსუბუქი ნავთობპროდუქტების მაქსიმალურ ფასად დაწესდა ბარელში 100 დოლარი, მძიმე ნავთობპროდუქტებისა კი 45 დოლარი. მაგრამ მოსკოვი აქტიურად აგრძელებს ნავთობით ვაჭრობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S