ევროკავშირმა მიგრანტების მიღების ახალი წესები შეათანხმა
20/12/2023 16:43:08 მსოფლიო
ევროკავშირმა მიგრანტების მიღების ახალი წესები შეათანხმა, რომელთა თანახმად, შესაძლებელი გახდება თავშესაფრის მაძიებელთა უფრო თანაბრად განაწილება ევროპის ქვეყნებში და სავარაუდოდ, შეამცირდება მათი რაოდენობა, ვის განცხადებებსაც მიიღებენ.
"მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ" ახალი პაქტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების შესახებ ერთიან მონაცემთა ბაზას შემოიღებენ, რომელშიც შეიტანენ მონაცემებს ყველა ახლად ჩასულის შესახებ.
ახალი პაქტის თანახმად, მიგრანტების საქმეთა განხილვის ჩვეულებრივ გზას ემატება დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში შეიძლება, გაგრძელდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მიგრანტებს დაასახლებენ არა იმ ქვეყნებში, სადაც ისინი თავშესაფარს ითხოვენ, არამედ მათი მიღების პუნქტებში, საზღვრებზე.
პაქტის ფარგლებში ხმარებაში შემოდის „აუცილებელი სოლიდარობის“ ცნება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ან გარკვეული რაოდენობის მიგრანტები მიიღონ, ან გადასახადი გადაიხადონ ყოველი მათგანისთვის, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან და დააფინანსონ მათი განაცხადების დამუშავება.
ამასთან, ახალი პაქტი ითვალისწინებს მთხოვნელთა მიღების გამკაცრებას ლტოლვილთა მასობრივი მოზღვავების შემთხვევებში.
ახალი პაქტი ევროკავშირის ბევრმა წარმომადგენელმა მოიწონა, მათ შორის – ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპარლამენტში შვედეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.
უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ახალი პაქტის ამოქმედება მიგრანტების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს. Amnesty International-ის ცნობით, ევროპაში თავშესაფრის მიღების პროცედურის გამკაცრება „გაზრდის მიგრანტებისა და ლტოლვილების ტანჯვას მათი გზის ყოველ ნაბიჯზე“.
ლტოლვილთა საკითხების ევროპულმა საბჭომ (ECRE), რომელშიც 117 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, პაქტის მიღებას უწოდა „შავი დღე ევროპისთვის“, თავად დოკუმენტს კი - „ჩახლართულობით ბიზანტიური და სისასტიკით ორბანული“.
გაეროს ლტოლვილთა უწყების ინფორმაციით, 2023 წელს მარტო ხმელთაშუა ზღვით ევროპაში ჩავიდა 153 ათასი თავშესაფრის მაძიებელი - ძირითადად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.


