მედია: რუსეთი უკრაინის ფრონტზე ცრემლსადენ გაზს იყენებს, რასაც გაერო–ს კონვენცია კრძალავს
20/12/2023 14:23:24 მსოფლიო
რუსი სამხედროები უკრაინის ფრონტზე ცრემლსადენ გაზს იყენებენ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარებს შორის პანიკა გამოიწვიონ დაბომბვამდე ან დრონებით თავდასხმამდე. ამის შესახებ უკრაინელმა სამხედროებმა CNN-ის ჟურნალისტებს განუცხადეს. ომში ამგვარი გაზის გამოყენება აკრძალულია გაეროს ქიმიური იარაღის კონვენციით, – აღნიშნავს გამოცემა.
როგორც უკრაინელმა სამხედრო მედიკოსმა განუცხადა CNN-ის ჟურნალისტებს, ბოლო კვირების განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის მიდამოში დაფიქსირდა ცრემლსადენი გაზის გამოყენების ცხრა შემთხვევა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ჟურნალისტებს მოწამვლის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია უჩვენა. მათი თქმით, ”ეს გაზი იწვის, აბრმავებს, მაშინვე ყელში შედის, ორი ამოსუნთქვის შემდეგ ვეღარ სუნთქავ.” ორივე ჯარისკაცმა თქვა, რომ მათ სახეზე, პირსა და ყელში დამწვრობები და გამონაყარი აღენიშნებოდათ.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ რუსული არმიის მიერ გამოყენებული საშუალება არის იასამნისფერი ცრემლსადენი გაზი. ეს არის ქიმიური საბრძოლო აგენტი, რომელიც მიეკუთვნება კომპლექსური მოქმედების გამღიზიანებლების ჯგუფს.
2023 წლის მარტში თავად რუსმა სამხედროებმა განუცხადეს გამოცემას Ura .ru-ს, რომ ისინი ყუმბარებს ცრემლსადენი გაზ "ჩერემუხასთან" ერთად ისროდნენ ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებისკენ. ეს არის კიდევ ერთი ქიმიური ომის აგენტი, რომელიც ემსახურება რუსეთის სამართალდამცავ უწყებებს. იგი გამოიყენება აქციებისას.
განმარტავენ, რომ ცრემლსადენი გაზი ქიმიური იარაღია და მისი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში აკრძალულია ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ გაეროს 1993 წლის კონვენციით. რუსეთმა კონვენციის რატიფიცირება 1997 წელს მოახდინა.


