გერმანიამ მოსკოვის ბირჟის 720 მილიონი ევროს ღირებულების აქტივების კონფისკაციის მიზნით მოქმედება დაიწყო
20/12/2023 11:49:08 მსოფლიო
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა რუსული აქტივების ჩამორთმევის ნებართვის მოთხოვნით. გადაწყვეტილება შესაძლოა, პრეცედენტული გახდეს გერმანიაში – მოსკოვის ბირჟის სტრუქტურის მცდელობამ, სანქციებისგან გადაერჩინა გერმანიაში განთავსებული 720 მილიონი ევრო, ხელისუფლებას საფუძველი მისცა, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად შეეფასებინა და ზომებიც მიეღო.
გერმანელმა პროკურორების შუამდგომლობა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების პალატაში შევიდა. შუამდგომლობის მიზანია რუსული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფრანკფურტის საბანკო ანგარიშზე შეტანილი ფულის დაყადაღება ემბარგოს წესების დარღვევის სავარაუდო მცდელობის გამო, რომელიც კრიმინალიზებულია გერმანიის საგარეო ვაჭრობისა და გადახდების კანონით,– წერს გერმანული Spiegel და დასძენს, ფედერალურ პროკურატურას სურს, რომ გაყინული თანხები გადავიდეს სახელმწიფო ხაზინაში.
გამოცემის ცნობით, საუბარია მოსკოვის ბირჟის ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის ფულზე, რომელიც გაიყინა 2022 წლის ზაფხულში. როგორც კი დადასტურდა ამ აქტივების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა, JP Morgan-მა მიიღო მოთხოვნა მოსკოვის ბირჟის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, National Clearing Corporation-ის Commerzbank-ის ანგარიშზე 720 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხვის შესახებ. სანქციების გამო ბანკებმა ოპერაციის განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
გამოცემის ცნობით, ვინაიდან დამრღვევთა დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შანსები თითქმის ნულოვანია, მთავრობამ შესაძლოა თანხების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით სცადოს.


