ევროკავშირში მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვაზე შეთანხმდნენ
20/12/2023 09:31:21 მსოფლიო
ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, - იუწყება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის შინასი.
რეფორმა მიგრანტების სწრაფ შემოწმებას, საზღვრებზე დროებითი დაკავების ცენტრების შექმნას, დაჩქარებულ დეპორტაციას და სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მიგრანტების ზეწოლის შემცირებას ითვალისწინებს.
„აქამდე გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით! საბოლოოდ, ევროპა მიგრაციის შესახებ დაპირებებს ასრულებს“, - განაცხადა შინასმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიგრაციას "საერთო ევროპული გამოწვევა" უწოდა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს, რომ ის ერთად ვმართოთ“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც განიმარტა, მიიღწა შეთანხმება, რომ გადაიხედება მიგრაციის ხუთი ძირეული რეგულაცია, რაც საფუძვლიანად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ.
"ევროკავშირი ასრულებს დაპირებას თავშესაფრისა და მიგრაციის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. ევროკავშირის მოქალაქეებს სურთ, რომ მათმა მთავრობებმა მოაგვარონ მიგრაციის გამოწვევები. დღეს ეს არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ეს რეფორმა ამ თავსატეხის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირი ერთგულად გააგრძელებს მიგრაციის ძირეული გამოწვევების მოგვარებასა და მიგრაციის წარმომშობ თუ ტრანზიტულ ქვეყნებთან თანამშრომლობას", - ვკითხულობთ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესის განცხადებაში.
ხუთი რეგულაცია, რომელზეც პარლამენტი და ევროსაბჭო შეთანხმდნენ, თავშესაფრისა და მიგრაციის ყველა ეტაპს შეეხება, მათ შორის: ევროკავშირში ჩასული არალეგალური მიგრანტების სკრინინგს, ბიომეტრიული მონაცემების აღებას, თავშესაფრის განცხადებების მიღებასა და განხილვის პროცედურას, ასევე კრიზისული სიტუაციების მოგვარების წესსა და რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი ქვეყანა მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს.
როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, დამტკიცების შემთხვევაში, ახალი მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი სისტემა ბევრად უფრო ეფექტური, მოქნილი და ჩქარი იქნება. ახალი წესები საბოლოოდ კვლავ ევროსაბჭომ უნდა დაამტკიცოს.


