ჰერცოგი: ისრაელი მზად არის შემდგომი ჰუმანიტარული პაუზისთვის
19/12/2023 18:51:57 მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის, კვლავ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში "ჰამასის" ტერორისტების მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.
„ისრაელი მზად არის შემდგომი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება“, - თქვა ჰერცოგმა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება, მთლიანად "ჰამასის" ხელმძღვანელობას ეკისრება.
ისრაელის მიერ ღაზას სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რასაც წინ ახლდა "ჰამასის" თავდასხმა ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და მძევლების გატაცება, ხანმოკლე ზავი მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა. ოთხდღიანი პაუზისას ტყვეობიდან ათეულობით მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. როგორც იუწყებიან, ტყვეობაში კვლავ რჩება 100–ზე მეტი მოქალაქე.


