მედია: რუს ოფიცერს ჰააგაში სამხედრო დანაშაულების შესახებ სურს ჩვენების მიცემა
19/12/2023 14:45:54 მსოფლიო
რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი იგორ სალიკოვი, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შემადგენლობაში იბრძოდა, ჩავიდა ნიდერლანდებში, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩვენება მისცეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ.
ჰოლანდიური ტელეარხი EenVandaag იტყობინება, რომ მას აქვს იგორ სალიკოვის წერილობითი განცხადება სასამართლოში ჩვენების მიცემის სურვილის თაობაზე. მანამდე არხმა მასთან ინტერვიუ დისტანციურად ჩაწერა.
იგორ სალიკოვი 60 წლისაა. მისი თქმით, დაახლოებით 25 წელი მსახურობდა რუსეთის ჯარში და აქვს პოლკოვნიკის წოდება. სირიაში, აფრიკასა და უკრაინაში იმყოფებოდა "ვაგნერის" ფარგლებში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნილ განცხადებაში ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, რომ "ვაგნერი" ბრძანებებს, როგორც წესი, პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან იღებდა, ზოგჯერ კი „პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციისგანაც“.
ტელეარხი იტყობინება, რომ იგორ სალიკოვმა ისაუბრა დონეცკში "ცრუ დროშის" ოპერაციებზე, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები დაიღუპნენ ნაღმების შედეგად. ამავე დროს, მისი თქმით, სეპარატისტებმა დაბომბეს დონეცკი, რათა ამ დანაშაულებებში უკრაინის არმია დაედანაშაულებინათ.
სალიკოვი ამტკიცებს, რომ ის შეესწრო სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მისი თქმით, ტყვე ჯარისკაცებსაც დასცინოდნენ და ხვრეტდნენ.
”მე დავინახე, თუ როგორ გადაიყვანეს სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბევრი ბავშვი მშობლის გარეშე საზღვრის გავლით ბელარუსში",– დასძინა მან.
რუსმა სამხედრომ თქვა, რომ მას სურს, მიმართოს ICC-ს, რადგან „დაკარგა რწმენა რუსული საქმისადმი“ და ასევე დასძინა, რომ გასულ წელს მან უარი თქვა მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის ბრძანების შესრულებაზე.


