Accentnews.ge
გაერო–მ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის 142 შემთხვევა დააფიქსირა და ისაუბრა სხვა სამხედრო დანაშაულებზეც

გაერო–მ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის 142 შემთხვევა დააფიქსირა და ისაუბრა სხვა სამხედრო დანაშაულებზეც

19/12/2023 12:55:04 მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა „ძირითადად არ მიიღო ადექვატური ზომები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ობიექტების მის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან დასაცავად".

ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ოფისის მონიტორინგის შედეგები მიუთითებს „უპირველესად, რუსეთის ფედერაციის ძალების მიერ, საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე და ომის დანაშაულებებზე“.

„მათ შორის არის 2022 წლის თებერვლიდან სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის 142 შემთხვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულთა ფართოდ გავრცელებული წამება და არასათანადო მოპყრობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა, ასევე ბევრი გაუჩინარების შემთხვევა“, - თქვა თურქმა.

მისივე თქმით, გაერო–მ 4 დეკემბრის მდგომარეობით, დააფიქსირა და დაადასტურა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპვის ფაქტი, მათ შორის 560-ზე მეტი ბავშვის. დაშავდა კიდევ 18,500 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ბევრი მძიმედ.

"რეალური დანაკარგები ალბათ ბევრად მეტია“, - ხაზგასმით აღნიშნა თურქმა.

გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე დააფიქსირა 2,440 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის და დაშავების ფაქტი, მათგან უმეტესად ასაფეთქებელი იარაღისგან, როგორიცაა საარტილერიო ჭურვები და რაკეტები; კასეტური საბრძოლო მასალები და რაკეტები. ამ მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში – ფრონტის ხაზთან ახლოს და მათ შორის იყო ბევრი იყო ასაკოვანი ადამიანი, რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად მნიშვნელოვანი მსხვერპლი ასევე დაფიქსირდა მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ ადგილებში, ხშირად ფრონტის ხაზებიდან შორს. გაერო-ს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს გასულ კვირას კიევზე სარაკეტო იერიში, რომლის დროსაც დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

გარდა ამისა, 2022 წლის თებერვლიდან ნაღმებმა და ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა იმსხვერპლა 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე: ”ნაღმების და ასაფეთქებელი მასალების ეს მნიშვნელოვანი რაოდენობა უკრაინის დიდ რაიონებში საფრთხეს უქმნის უკრაინელების სიცოცხლეს, უფლებებსა და საარსებო წყაროს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში”, - თქვა გაერომ.

მან ასევე დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმები მარცვლეულისა და სატრანსპორტო ობიექტებზე, რომლებიც აუცილებელია საკვების ექსპორტისთვის. ასეთი თავდასხმები საფრთხეს უქმნის უკრაინის ეკონომიკის კრიტიკულ სექტორს და ბევრ ქვეყანაში ხალხს ართმევს კრიტიკულ საკვებს, – თქვა თურქმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში 1300-ზე მეტი საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა - მათგან 100-ზე მეტი საანგარიშო პერიოდში (აგვისტოს დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე). უკრაინაში ბავშვების მხოლოდ ნახევარს შეუძლია, ყოველდღიურად პირისპირ დაესწროს გაკვეთილებს, – აღნიშნა გაერომ.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, ჩვენ დავაფიქსირეთ ადგილობრივი თანამდებობის პირების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების და სხვა სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავებებისა და იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები. მათ შორის არის მრავალი ყირიმელი თათარი აქტივისტი“, - თქვა თურქმა.

მისი თქმით, რუსეთმა არ მისცა უფლება მისიას, შესულიყო რომელიმე დაკავების ცენტრში ამ ტერიტორიებზე, რაც ხელს უშლის ამ შემთხვევების სრულად აღრიცხვას.

კომისარი აღნიშნავს, რომ სულ მცირე ასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკავების შემდეგ:

"მათგან სულ მცირე 39 აწამეს სიკვდილამდე: წამების პრაქტიკა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები გავრცელებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავების ცენტრებში. წამების მრავალი შემთხვევა, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, მოიცავს სექსუალურ ძალადობას“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ოფისს ასევე არ აქვს წვდომა უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან.

მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ ტრაგიკული კონფლიქტის“ გამოსავალი მხოლოდ ერთია: სამართლიანი მშვიდობა და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ.

19 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაარეგისტრირა რუსული ძალების მიერ ჩადენილი აგრესიის და ომის დანაშაულის 118 000-ზე მეტი შემთხვევა. ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის 681 წარმომადგენელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S