რუსეთი კვლავ "პასუხით" დაემუქრა ფინეთს
19/12/2023 11:19:22 მსოფლიო
19 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ფინეთის ელჩი მოსკოვში, რომელსაც განუცხადეს, რომ რუსული მხარე "უპასუხოდ არ დატოვებს" ნატოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციის საზღვარზე,– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ფინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზახაროვამ თქვა, რომ შეთანხმება „ემუქრება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“, ამიტომ რუსეთი მიიღებს „აუცილებელ ზომებს ფინეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეების აგრესიულ გადაწყვეტილებებთან დასაპირისპირებლად“.
ზახაროვამ თქვა, რომ ფინეთის ხელისუფლება ეკისრება პასუხისმგებლობას „რეგიონში კეთილმეზობლობის ზონის შესაძლო დაპირისპირების ზონად გადაქცევაზე“.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 დეკემბერს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას.
შეთანხმება ამარტივებს სამხედრო თანამშრომლობას და წვრთნას. ჯარებისა და აღჭურვილობის გადაადგილება არ საჭიროებს დამტკიცებას იმავე მაღალ დონეზე, როგორც ადრე.
დოკუმენტში ასევე მითითებულია 15 ზონა, რომლითაც ისარგებლებენ ამერიკელი სამხედროები, ასევე რიგი ობიექტები, რომლებზეც წვდომა მხოლოდ აშშ–ს ექნება.
შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა. ის ოფიციალურად შევა ძალაში ფინეთის პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.


