მედია: CIA-ს ხელმძღვანელი ახალ მოლაპარაკებებს ვარშავაში გამართავს "ჰამასის" მძევლების გათავისუფლების შესახებ
18/12/2023 14:30:34 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ორშაბათს შეხვდება კატარის პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის და ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელს დევიდ ბარნეას ვარშავაში, რათა განიხილონ ახალი პოტენციური შეთანხმება ღაზაში მყოფი "ჰამასის" მძევლების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ Axios-ს აშშ–ის და ისრაელის ოფიციალურმა პირზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბერნსის მონაწილეობა მოლაპარაკებებში გადამწყვეტია მძევლების გათავისუფლების თაობაზე ნებისმიერი ახალი შეთანხმებისთვის, მას შემდეგ, რაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წინა შეთანხმებაში, რასაც ნოემბერში 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება მოჰყვა.
ვარშავაში შეხვედრა გაიმართება სამი დღის შემდეგ, რაც კატარის პრემიერ–მინისტრი და "მოსადის" ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა შეხვდნენ ევროპაში მცდელობის ფარგლებში, განაახლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელსა და "ჰამასს" შორის კატარის მეშვეობით, – წერს გამოცემა.
გამოცემის თანახმად, ისრაელის ოფიციალური პირები მოელიან, რომ ამჯერად უფრო რთული იქნება ახალი პოტენციური შეთანხმების პირობებზე შეჯერება, რადგან ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში ახლა ორიენტირებულია "ჰამასის" ლიდერ იაჰია სინვარზე ზეწოლის გაზრდაზე, ხოლო ტერორისტული ჯგუფი ცდილობს, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას, რაც მცირე ადგილს ტოვებს მოლაპარაკებისთვის.


