ბელაგოროდში მომხდარ სამხედრო შეტაკებაზე პასუხისმგებლობა "რუსეთის თავისუფლებამ" აიღო
18/12/2023 07:10:40 მსოფლიო
„რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ გამოაცხადა თავისი მონაწილეობის შესახებ სამხედრო შეტაკებასა და თავდასხმაში ბელგოროდის რაიონის სოფელ ტერებრენოს მიდამოში. ეს არის უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსებით დაკომპლექტებული ჯგუფი.
ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „ლეგიონის თავდასხმის ჯგუფებმა შეასრულეს ყველა დაკისრებული დავალება და წარმატებით დაბრუნდნენ უკრაინის ტერიტორიაზე“.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება, რომ თავდასხმა განხორციელდა „კრემლის რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიერ“. დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ „ადასტურებს საომარი მოქმედებების ფაქტს“ ტერებრენოს მახლობლად და, ამავე განცხადების მიხედვით, შეტევის შედეგად „განადგურდა რუსული ჯარების ოცეულის საყრდენი პუნქტი“.
წინა დღეს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამ –არხზე დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სასაზღვრო სოფელი ტერებრენო უკრაინული მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ბრძოლის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობა, ელექტროენერგია გაითიშა ტერებრენოსა და მეზობელ სოფელ სტაროსელიეში ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო. მას არ განუცხადებია სამხედრო ობიექტის დაზიანების შესახებ.
2023 წლის გაზაფხულზე რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება შეიჭრა უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდისა და ბრიანსკის რაიონებში. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“. როგორც პსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა, შეტაკების დროს სულ მცირე 14 რუსი სამხედრო დაიღუპა, 10 კი ტყვედ ჩავარდა.


